ᲓᲐᲪᲣᲚᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ ᲘᲜᲢᲔᲠᲕᲘᲣ ᲚᲐᲓᲝ ᲑᲣᲠᲓᲣᲚᲗᲐᲜ

მეოთხე

NOVEMBER 3, 2024

დაცული სივრცე 
ინტერვიუ ლადო ბურდულთან

ავტორი:
ლადო ბურდული - მუსიკოსი, მსახიობი, წამყვანი. პანკ როკჯგუფ „რეცეპტის“ და კლუბ „ფაბრიკას“ დამფუძნებელი.საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორი.

მ. ჯ.: „მაგარი ნიჭიერი, მაგარი შეუპოვარი და უკომპრომისო“ – ასე აღწერთ თავს. შეუპოვარი რის მიმართ? რას უპირისპირდებოდით?

ლ. ბ.: მთელი ბავშვობა მეგონა, რომ ამ ქვეყნიდან წავიდოდი. პირველად გერმანიაში ვიყავი, ბანაკში და იქ ვნახე, როგორი ახალგაზრდობა იყო. ისე შემეხო ის სინაღდე. ის იყო ნამდვილი თავისუფლება.
ჩემი სკოლელი გოგო კალგოტკის გამო სკოლიდან გააგდეს. ამ დროს იქ, ბანაკში, აბანოში ქალი და კაცი ერთად დადიოდა, ლუდებით ხელში იდგნენ შიშვლები და ლაპარაკობდნენ. დავისტრესე, ეს რომ ვნახე. აქ, ჩვენთან, სკოლაში ერთხელ ფანჯრიდან მერხის თავი გადააგდეს. კაცს მოხვდა და მთელ კლასს უხაროდა, მოვარტყითო. ყველაფერი არასწორი იყო, ყველაფერს გვატყუებდნენ. 
სულ ვვარჯიშობდი. ვარჯიში იყო ის, რამაც ამ ქალაქს დამაპირისპირა, ბავშვობაში რომ ვხედავდი ორ გზას – ერთს თოვლჭყაპიანს, რომელიც არ მომწონდა და მეორეს, თეთრს, ეს მეორე ამარჩევინა.ოღონდ რისკიანი გზა იყო. ბევრჯერ ვარ სიკვდილს გადარჩენილი. სახლისკენ სამი ქუჩა მიდიოდა: მაჩაბელი, ტაბიძე და დადიანი. უნდა გადამეწყვიტა, რომელზე გამევლო – რომელ „ტუსოვკასთან“ მერჩივნა იმ დღეს ჩხუბი, თორემ შარი სამივე გზაზე მელოდებოდა.
1982 წლიდან ცოტა სხვანაირად დავფიქრდი ცხოვრებაზე. უცხოეთში ვეღარ წავედი, ცოლი მყავდა, შვილი მეყოლა და უნდა დავრჩენილიყავი. დავიწყე დაკვრა. შევქმენი ჯგუფი „რეცეპტი“, რომელიც აღმოჩნდა ძალიან ნამდვილი, ექსპრესიული, რევოლუციური ჯგუფი თავის დროზე.
მერე სარეპეტიციოში რომ შემოგვივარდნენ იარაღებით და სროლა დაიწყო, მივხვდი, რომ რეპეტიციებს ვეღარ ვატარებდით და ჯგუფი დაიშალა. ჯოზეფამ თავი მოიკლა. მოგვიანებით, ვოვა გარდაიცვალა. დავრჩი მარტო.

მ. ჯ.: „სროლა რომ დაიწყო თბილისში, დავინახე და მივხვდი, რომ ვიღაცას არ უნდა გაესროლა. ვიღაცას სხვა გზა და სხვა გამოსავალი უნდა ეპოვა“. რა გამოსავალი იყო ეს?

ლ. ბ.: ომია, ხალხი გამოვარდა ავტომატებით, ყველაფერს შეჭმას უპირებენ. და ამ დროს არავინ არის გარშემო – ყველამ დაუთმო, სახლებში შეიმალნენ და ქალაქი ამ დაუფარავ სიბოროტეს დაუტოვეს.
ჩემი საყურეებით აგრესიის პირდაპირი სამიზნე გავხდი. ჩემი პროტესტიც ეს იყო: ვიღაც ამ უმსგავსობას წინ უნდა დადგომოდა და ეთქვა, რომ „არა, ეს არ არის საქართველო, საქართველო ვარ მე!“ ასე მოვიქეცი, ეს იყო და მეტი არაფერი.

მ. ჯ.: სად იყო სიმშვიდე?
ლ. ბ.: ნიჭიერთა ათწლედი იყო სამოთხე. ისე მეოთხე კლასიდან ვსწავლობდი 51-ეში, „ვარვარების“ სკოლაში. მაშინ გრძელი თმა მქონდა. შემოვიდა ერთხელ სასწავლო ნაწილი, გამიყვანა და ბაკენბარდებით მახტუნავა… ჩემი თმა ხელზე ჰქონდა დახვეული, ამხელა თმა რატომ გაქვსო. მერე კლასში გამკრიჭეს.
მათემატიკის გაკვეთილზე ჩემს დას ვუკარნახე რაღაც და მასწავლებელმა იმდენი მარტყმევინა მერხზე თავი, რომ სისხლი წამომივიდა ცხვირიდან, ტვინის შერყევა მივიღე. აი, ასეთი სკოლა იყო.
გაუთავებელი ჩხუბებიდან და რაზბორკებიდან უცებ მოვხვდი ათწლედში, კლასში, სადაც ბიჭს გეტრები ეცვა და მანჟეტები ეკეთა. მეგონა მეღადავებოდნენ. დღემდე მახსოვს ის ხალხი, ვინც ის გარემო შექმნა მაშინ. ისმოდა მარტო მუსიკა, ვიღაც კლარნეტზე უკრავდა, ვიღაც ვიოლინოზე, როიალზე, კონტრაბასზე. მეგობრობა, თავისუფლება, სიმშვიდე – ყველაფერი იყო იქ.

მ. ჯ.: აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, გერმანიიდან თბილისში რატომ დაბრუნდით, რა იყო ის, რასაც ეძებდით?

ლ. ბ.: გერმანიიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, ჯერ მოსკოვში ჩავედი. იმ გოგომ, ვინც გერმანიაში წამიყვანა და იქ კონცერტების ორგანიზებას აკეთებდა, ბილეთი დამიმალა, ომი დაიწყო, სად მიდიხარო. ყველა აქ მყავდა, მშობლები, ცოლი, შვილი.
1992 წლის შემოდგომა იყო, რომ ჩამოვედი. მატარებლის ბაქანზე გავჩერდით და ჩემ თვალწინ კაცი მოკლეს. ერთს მისი ბარგი ეჭირა ხელში, მეორეს მიჰყავდა და თან დანას ურტყამდა. ამას მე და ჩემი მეგობარი შევესწარით. ქვეყანა დამხვდა დაბრედილი, ჩემი მეგობრები – სასოწარკვეთაში. მე ვიყავი კონტექსტიდან ამოვარდნილი. ნიქ ქეივთან და ლიდია ლანჩთან ვმეგობრობდი, კიდევ ბარბარა მორგენსტერნთან და გუდრუნ გუტთან. გერმანიაში მაგარ ტუსოვკაში ვტრიალებდი.
1993 წელს გავაკეთე „ფაბრიკა“. გერმანიაში ვნახე კულტურის ცენტრი „ტახელესი“ და აქ ჩამოვიტანე ეს პროექტი.
მოვიდა ყველა. არ ველოდი. თურმე, ამდენი ახალგაზრდა ჩემსავით ეძებდა რაღაცას, სადაც რაღაც მოხდებოდა. „ფაბრიკა“ იყო კუნძული.

მ. ჯ.: რატომ შეიყუჟა სახლებში კონცერტები, კინოთეატრები და მოდების ჩვენებები?

ლ. ბ.: „ფაბრიკაშიც“ დაიწყო არეულობა და იმიტომ. მუსიკალური ბორდელი დაარქვეს, იარაღებით შემოდიოდნენ. რომ მივხვდი, რომ სახიფათო იყო, მთელი ეს ტუსოვკა გადავიტანე ჩემს სახლში – უფრო დაცულ სივრცეში. იქ ისეთი საღამოები მოვაწყვეთ... დიზაინერებიც გამოვიდნენ, ფილმების ჩვენებებიც დავიწყეთ. ეს ყველაფერი ჰგავდა ზღაპარს, სანთლებით გვქონდა შუქი, იმიტომ რომ დენი არ იყო.
მამუკა ჯაფარიძისგან გავიცანი ენდრიუ ბარნარდი. შემომხედა და მითხრა, მოდი, როკენროლის ფესტივალი დავცხოთო. 1995 წლიდან პატარ-პატარა ფესტივალებს უკვე ვაკეთებდი. ჩემთან, სახლში, დღეში შეიძლებოდა, სამი-ოთხი ტუსოვკა ყოფილიყო.
ოცდახუთ ლარად გავაკეთეთ ფესტივალი პეროვსკაიაზე. ენდრიუმ პეროვზე ჯერ ყველა ბარს დაუარა, უთხრა, რომ ჟურნალს გამოსცემდა და მათზე რეკლამას დაბეჭდავდა სანაცვლოდ – ბარში ივაჭრებთ, ხალხიც მოვა და მუსიკაც უფასოდ დაუკრავს თქვენთანო. მუსიკოსები აგვყვნენ, აპარატურას ჩვენ მოვიტანთო. 26 ივლისის ღამეს ექვსი-შვიდი ბარი მუშაობდა. ოცდახუთი ლარი დავხარჯეთ ლუდში და ერთი-ორი აპარატურის ტაქსით გადმოტანაში.
როკენროლია თვითონ ისეთი, რომ უკან ვერ დაიხევ.
მალევე, რიყეზე გავაკეთეთ ფესტივალი. იმ დროის თანამედროვე მუსიკა რაც იყო, იმას ჩვენს ქალაქში ვერ ვისმენდით. ალბათ, ათი-თხუთმეტი ათასი კაცი მოვიდა. ყველა ცეკვავდა. არც ვფიქრობდი მაშინ, რას ვაკეთებდი. ერთადერთი, იმას ვარჩევდი, ტუსოვკა კარგი გამოდიოდა თუ ცუდი. უფრო პრაგმატულად რომ შემეხედა, ალბათ არაფერსაც არ გავაკეთებდი, მაგრამ, როგორ გითხრათ, აი, ჩიტივით ვცხოვრობდი.

მ. ჯ.: რა ჩანდა ყველაზე საშიში მაგ დროში?

ლ. ბ.: ძალიან გულწრფელად გეუბნებით, შიმშილზე უფრო ძლიერი შემოქმედებითი შიმშილი იყო ჩემთვის, უსიყვარულობა და ურთიერთობების ნაკლებობა.
თორემ პურს ვწვავდით ხოლმე ზეთში. და სულაც არ იყო ტრაგიკული, ესეც რომ გვქონდა, გვიხაროდა რაღაცნაირად.
შეგვეძლო მთელი ღამე ჩაიზე ვმსხდარიყავით და გველაპარაკა მუსიკაზე. სიმშვიდეს ჩემს მუსიკაში ვპოულობდი. რომ მეკითხებოდნენ, რატომ უკრავ ხმაურიან მუსიკასო? ვპასუხობდი, გათბობა არ მაქვს, ნელა რომ დავუკრა, გავცივდები-მეთქი. სულ ცხელი ჩაი მედგა ხელთან. სანთლები გვენთო თან, რენესანსის ნახატებს ჰგავდა ეს საღამოები.
ყველაფერი სპონტანურად კეთდებოდა. დილას ვიღვიძებდით და უცებ ვიტყოდით, სად მივდივართ და რას ვაკეთებთ.

ფოტო: ლადო ბურდულის პირადი არქივი